logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


ქრისტიანის მოსაზრებანი ჩიპიანი პასპორტისა და ID ბარათის შესახებ

 

საქართველოში ჩიპიანი პასპორტების და პირადობის ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში და ეკლესიის მრევლში გაჩნდა აზრთა სხვაობა. მრავალმა მიმართა ეკლესიას კითხვით: „არის თუ არა ეს ახალი საბუთები აპოკალიფსური ანტიქრისტეს ბეჭედი? და მართებულია თუ არა მათი მიღება მოსახლეობის მიერ?“ მსგავს მოვლენას ადგილი აქვს სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ წმიდა სინოდის 2011 წლის დეკემბრის სხდომაზე შეიქმნა ამ საკითხის შემსწავლელი საგანგებო კომისია სამი მიტროპოლიტის შემადგენლობით. ესენი არიან: რუისისა და უბრნისის მიტროპოლიტი იობი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე. კომისიის წევრებს შორისაც არსებობს აზრთა სხვაობა. სამწუხაროდ, ვიდრე მოხდებოდა შეთანხმებული პოზიციის წარდგენა წმიდა სინოდის განსახილველად და დასამტკიცებლად, საზოგადოებაში გავრცელდა ცალმხრივი აზრი, რომელიც არ გამოხატავს ერთიანი ეკლესიის ხედვას. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, წმიდა წერილისა და წმიდა მამების სიტყვის შუქზე განვიხილო ზემოთ ხსენებული საკითხი და წარუდგინო იგი საზოგადოებას. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს და ვისაც აქვს თვალი სახილველად, იხილოს!
პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ ჩიპიანი პასპორტი და ID ბარათი. პირველი - ჩიპიანი პასპორტი - უცხო ქვეყანაში სამგზავროდ საერთაშორისო ნორმით ხდება სავალდებულო.
მეორე - ID ბარათი, ანუ პირადობის მოწმობის ბარათი - ქვეყნის შიგნით, ვფიქრობთ, შესაძლებელია იყოს ნებაყოფლობითი. გარეგნულად ID და ალტერნატიული ბარათები არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ბარათის ოფიციალური ინფორმაციით დატვირთვა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ალტერნატიული პირადი ბარათის დამზადება. სახელმწიფოსათვის ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.
პიროვნების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის ტოტალურად ხელმისაწვდომია. ID ბარათი საჭიროა მხოლოდ მფლობელის იდენტიფიკაციის დადგენისთვის, ფალსიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით.
არსებობს მოქალაქეთა პირად მონაცემთა ცენტრალური ბაზის ჰაკერების მიერ გატეხვის რისკი. ეს რისკი მნიშნელოვანია პოლიტიკური მოღვაწისთვის, ბიზნესმენისთვის, სპეცსამსახურის თანამშომლებისთვის, კრიმინალებისთვის და არა რიგითი მოქალაქისთვის. ბიომეტრიული მონაცემის მოპოვება შესაძლებლია პიროვნების თანხმობით (ბიომეტრიული ფოტო, თითის ანაბეჭდები და ა.შ.). ადამიანის უფლება ირღვევა, თუ მას აიძულებენ ამ ინფორმაციის გაცემას. ამიტომ, ვფიქრობთ, ადამიანს უნდა დავუტოვოთ არჩევანის უფლება.
ID ბარათი საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს და ამავე დროს ტოტალური (კაცისათვის უხილავი) კონტროლის ქვეშ აქცევს მას. კონტროლი არ არის დიქტატი. კონტროლი მართვის სისტემის ერთ-ერთი ბერკეტია. კონტროლით ხდება ადამიანის კანონიერი თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა. პავლე მოციქული ამბობს: „მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდეს ხელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან“ (რომ.13,3). სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლი ტექნოლოგიურად დღეს უკვე რეალობაა. ID ბარათის შემოღებით ხდება მოქალაქის მხრიდან თანხმობა ამ კონტროლზე. ტოტალური კონტროლი შეიძლება ტოტალური დიქტატის ბერკეტი გახდეს.
რელიგიური თვალსაზრისით, მსოფლიო ეკლესია არცერთ ქვეყანაში არ თვლის ჩიპიან პასპორტებსა და პირადობის ID ბარათებს ანტიქრისტეს ბეჭდად ან თუნდაც მის წინასახედ. ეკლესია საუკუნეების მანძილზე აღიარებს, რომ აპოკალიფსში მოხსენებული ანტიქრისტეს „ბეჭედი შუბლზე და მარჯვენა ხელზე“ არის ნებაყოფლობითი მონაწილეობა უსჯულოებაში, ხოლო პიროვნების ბიოგრაფიული ინფორმაციის მატარებელი არავითარი საბუთი არ შეიძლება იყოს გაიგივებული ხსენებულ ბეჭედთან.
აპოკალიფსური მხეცის რიცხვის - ექვსას სამოცდა ექვსის - შესახებ მსჯელობა მართებულია მხოლოდ წმიდა წერილში მოცემული სემანტიკური ნიშნების და სიმბოლოების ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ „მხეცი“ წმიდა წერილში არის სიმბოლო ამა თუ იმ წარმართული იმპერიისა და იმ იმპერიის სულის ჩამდგმელი, მმართველი და გამომხატველი პიროვნებისა, ნაბუქოდონოსორი იქნება ის, ალექსანდრე მაკედონელი თუ ავგუსტუს კეისარი (დან.7,3-7;8,20-22). დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მოხსენებული მხეცების სახეებია: ლომი, დათვი, ვეფხვი, ერკემალი, ვაცი. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში კი მხეცის შესახებ წერია: „მხეცი იგი... იყო მსგავსი ვეფხვისა, და ფერხნი მისნი, ვითარცა დათვისანი და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისა“ (გამოცხ.13,2), ე.ი. ანტიქრისტეს იმპერია იქნება ეკლექტური, სხვადასხვა იმპერიების ნიშნების მატარებელი; პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ცნობიერებით მსოფლიოს გამაერთიანებელი ღვთისგან განდგომილი იმპერია. ყველა ცივილიზაციას დღემდე საფუძვლად და შინაარსობრივად გააჩნდა ესა თუ ის რელიგია, ჭეშმარიტი თუ არაჭეშმარიტი. თანამედროვე ცივილიზაცია გლობალიზაციის პროცესით აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს არა რელიგიურ საფუძველზე, არამედ ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის საფუძველზე. ამ ცივილიზაციის იდეური ცენტრი უზენაესის ნაცვლად დაცემული ბუნების მატარებელმა ადამიანმა დაიკავა და შუბლსა და მარჯვენა ხელზე იღებს დაღს, არა ფოტოსურათზე ან ჩიპზე, არამედ უზნეობაში და უსჯულოებაში მონაწილეობით.
აპოკალიფსის სიტყვების - „ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისა“ (გამოცხ.13,17) და ამ ბეჭდის დადების შესახებ VI საუკუნის ეკლესიის მამა ანდრია კესარიელი ამბობს: „და ბეჭედი სახელისა უკეთურისა მის ისწრაფოს ყოველთა ზედა დადებად მარჯუენესა ზედა, რაითა კეთილთა საქმეთა ქმნაი მოსწყვიდოს; და შუბლთა ზედა, რაითა ბოროტთა საქმეთა ქმნასა ზედა ურცხვინო და კადნიერ იყვნენ. სწორედ ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ „მხეცის ბეჭედი“ პიროვნების ბიოგრაფიული ინფორმაციის მატარებელ საბუთს არ გულისხმობს, არამედ საქმით გამოხატულ მის ზნეობრივ, სულიერ დაცემულ მდგომარეობას.
მხეცის სახელის რიცხვის შესახებ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „აქა არს სიბრძნე, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისა არს. რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“(გამოცხ.13,18).
რიცხვის გრაფიკული გამოსახულების ფიქსაციას არ სჭირდება გონება და სიბრძნე. როგორც რიგითი რიცხვი, გამოსახულება 666 არაფრით განსხვავდება სხვა რიცხვებისგან, მისი მისტიფიკაცია ისეთივე ცრურწმენაა, როგორც 13 რიცხვის, ან სხვა რომელიმე რიცხვისა. რიცხვი მხეცისა - რიცხვი კაცისა არის. წმიდა წერილში სიტყვა „კაცი“ კონტექსტის მიხედვით გულისხმობს ღვთისადმი დაპირისპირებულ ადამიანს. მაგალითად, წარღვნის წინ აღრევა მოხდა „ღვთის ძეებს“, ანუ სეითის მოდგმასა და „კაცთა ასულებს“, ანუ კაენის მოდგმას შორის. ასევე, როდესაც პეტრე მოციქული შეეწინააღმდეგება მაცხოვარს, უფალი მკაცრად ეუბნება მას: „წარვედ ჩემგან, სატანა, საცდურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში ანტიქრისტეს შესახებ ამბობს: „გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი განსრულ არიან სოფლად. ...ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს. ...იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთვისცა სოფლისასა იტყვიან და სოფელი ისმენს მათსა (1ინ.4,1,3,5), ე.ი. იესო ქრისტესადმი დაპირისპირებული სული არის ანტიქრისტეს სული, ანუ მხეცი არის ანტიქრისტიანული იმპერია და მასში გამეფებული ანტიქრისტე.
შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რას ნიშნავს „რიცხვი მის ექვსას სამეოც და ექუს“? ღირსი ანდრია კესარიელი ამბობს: „ჭეშმარიტება სახელისა მისისა ჟამმან გამოაცხადოს... არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერა“. მიუხედავად ამისა არაეკლესიური ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ გაშიფრონ ეს რიცხვი, რაც მათ ამპარტავნულ ცნობისმოყვარეობაზე მეტყველებს. მათი „კვლევების“ შედეგად სახელდებულნი იყვნენ სხვადასხვა ეპოქის მმართველები, ნერონიდან ჰიტლერამდე. ცდომილი გონების ამაგვარი ნაყოფის მიღებით მრავალი ადამიანი შემცდარა. კოდირებული სახელის გამოცნობის პროცესი არაეკლესიურ წრეებში დღესაც გრძელდება. მრავალი სპეკულაცია ხდება „ექუსას სამეოც და ექუს“-ის არაბული რიცხვითი სისტემის გამოსახულების 666 საშუალებით. როდესაც წმიდა იოანე მახარებელს კუნძულ პატმოსზე ჰქონდა გამოცხადება, არაბული რიცხვითი სისტემა არ არსებობდა. ადამიანის სახელის შემადგენელი ასო-ბგერის რიცხვითი გამოსახვა შესაძლებელია ამა თუ იმ ანბანში არსებული შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების სისტემის გამოყენებით. წმიდა იოანე მახარებელი წერდა ბერძნულად, ხოლო წარმოშობით იყო ებრაელი. უფალი ადამიანს ელაპარაკება მისთვის გასაგებ ენაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოციქულისთვის გამოცხადებული ანტიქრისტეს სახელი, შესაძლოა, კოდირებული იყოს ან ერთ ან მეორე ანბანში არსებული ასო-ბგერების რიცხვითი მნიშვნელობის გამოყენებით. ამ სახელის შინაარსობრივი დატვირთვის მნიშვნელობის (დაცემული ბუნების გამომხატველი ადამიანის) შესახებ ზემოთ უკვე ითქვა. ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის სარწმუნოა ანდრია კესარიელის სიტყვა: „ჭეშმარიტება სახელისა მისისა ჟამმან გამოაცხადოს“, ხოლო უკანასკნელი ჟამის შესახებ უფალი ნათლად ამბობს: „არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა, რომელნი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა“ (საქმ.1,7).
ვფიქრობ, მრევლს უნდა განემარტოს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი არის არა ადამიანის ბიოგრაფიული ინფორმაციის შემცველი ჩიპი, თუ სხვა რაიმე საბუთი, არამედ ადამიანის ნებაყოფლობითი მონაწილეობა ანტიქრისტეს საქმეებში. ჩვენი რჩევაა, ადამიანებმა გამოიჩინონ სიფხიზლე და რიცხვი 666 არ აქციონ ახალი ცრურწმენის საბაბად. პირადობის ID ბარათი, თავისთავად, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არავითარ ნეგატიურ ინფორმაციას არ შეიცავს. შფოთი ჩიპის, როგორც შესაძლო ბეჭდის, გამო ეკლესიაში შემოტანილია, რათა გამოიწვიოს დაპირისპირება მოძღვრებსა და მრევლს შორის; ერთი მხრივ, სახარებასა, მოციქულებსა და წმიდა მამებსა და, მეორე მხრივ, რამდენიმე თანამედროვე მოძღვარს შორის, რომლებიც ჯერ არ არიან ეკლესიის მიერ წმიდანად აღიარებულნი; ჩვენი ვალია, დავიცვათ ეკლესიის წიაღში ქრისტესმიერი ერთობა და აღვასრულოთ „სჯული იგი ქრისტესი“. მორწმუნე ერმა უნდა შეასრულოს უფლის ანდერძი: „მიიღოთ ძალი მოსვლასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყუნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველთა ჰურიასტანს და სამარიასა და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა“ (საქ. 1.8).

 


რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტი იოანე