logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების საკითხისათვის


უკანასკნელ პერიოდში ჩვენს საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში პოლემიკის საგნად იქცა საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის თემა. აინტერესებთ, თუ კონკრეტულად რას ხმარდება ეს თანხები. ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი).


მეუფე იოანე:
ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არეული წლები იყო; როგორც კი მდგომარეობა ცოტათი დალაგდა, 1996-97 წ.წ., გაიმართა დიალოგი ხელისუფელებასა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იმის თაობაზე, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ათეული წლების მანძილზე ეკლესიას მიყენებული ჰქონდა ზარალი როგორც მატერიალური, ისე მორალური. ვინაიდან სახელმწიფო წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და მიზნად აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, ვალდებულია, გამოასწოროს დაშვებული უსამართლობა ეკლესიის მიმართ. ამ მოსაზრებით ბიუჯეტიდან მთავრობის კეთილი ნებით ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა, რომელიც გარკვეულ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ბიუჯეტის ოდენობასთან. დღეს ეს თანხა 25 მილიონ ლარს აღწევს. საიდუმლო არ არის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა მოსახლეობის შემოსავლების გადასახადი. მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში მართლმადიდებელია.

რას ხმარდება ეს თანხა? გარდა ტაძრებისა, ეკლესიის წიაღში არსებობს განათლების სისტემა: საბავშვო ბაღები, სკოლები, კოლეჯები, სემინარია-აკადემიები, უნივერსიტეტები. არის ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, ეს თანხა სწორედ ამას ხმარდება.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ხომ არსებობს საჯარო განათლების სისტემა, არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, სოცუზრუნველყოფის სამინისტრო? რასაკვირველია არსებობს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ წვდება საზოგადოების ყველა ფენას. არის დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც მოღვაწეობენ ეკლესიის წიაღში და მათთვის ბუნებრივია, რომ დახმარებისთვის ეკლესიას მიმართონ. ამიტომ ხელისუფლების მიერ ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის კომპესაციისათვის გამოყოფილი თანხები ხმარდება იმ საზოგადოებას, რომელიც დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავს.

ეს შეთანხმებულია ხელისუფლებასთან. თუ ვინმეს აინტერესებს რაში იხარჯება ხსენებული თანხა, მას შეუძლია მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და ითხოვოს ახსნა-განმარტება. საპატრიარქო თავის საქველმოქმედო საქმიანობას არ ახმაურებს. შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა იციან, რაში იხარჯება ეს თანხა. თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რომ ეს ინაფორმაცია საჯარო გახდეს, ეს მათი უფლებაა. ჩვენ მათ უფლებაში ვერ ჩავერევით.

ზოგადად გეტყვი, რომ საპატრიარქოს წიაღში არსებობს 40-მდე ზოგად-საგანმანათლებლო სკოლა, 5 სემინარია, 2 აკადემია, 2 უნივერსიტეტი, არსებობს საავადმყოფოები, კლინიკები და კოლეჯები. რომელს რამდენი თანხა გამოეყოფა, ეს ინფორმაცია სრულად არის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის საკითხი. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მიმართოს მათ.

რადგან სახელმწიფო გამოყოფს ამ თანხებს ეკლესიისათვის, მხოლოდ სახელმწიფო არის უფლებამოსილი შეამოწმოს მიზნობრივად იხარჯება თუ არა ეს თანხები; და თუ ვინმეს უჩნდება ეჭვი, შეუძლია მიმართოს სახელმწოფოს და მისგან მიიღოს განმარტება.


10 ნოემბერი , 2012 წ.

კიდევ ერთი რეპლიკა...

მეუფე იოანე: ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას საქართველოში 17-საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიერ აღიარებულია ეს რეალობა. ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობა: სატაძრო არქიტექტურა, მწერლობა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ხატწერის ნიმუშები, კედლის მხატვრობა, მოზაიკა, გამოყენებითი ხელოვნების შედევრები, _ ყოველივე ეს, რაც ყველა ქართველმა (და არა მარტო ქართველმა) იცის, შეიქმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
მიუხედავად ამისა მავანი და მავანი გამოთქვამს გაკვირვებას და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ხელისუფლება იჩენს ზრუნვას ჩვენი ეკლესიის მიმართ, რათა მისი კულტურული საქმიანობა კვლავ ემსახურებოდეს ქართველი ერის შემოქმედებითი ნიჭის ნაყოფიერ გამოვლენას.
საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ეკლესიის მიმართ საუკუნეების მანძილზე არასოდეს ყოფილა შეურაცხმყოფელი სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის, იუდეველი იქნებოდა ის თუ მაჰმადიანი, ან სხვა. ეს არც დღეს ხდება. სხვადასხვა აღმსარებლობის კულტურული და რელიგიური ცენტრები საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და იქიდან ხორციელდება მათი წარმომადგენლობისთვის ზრუნვა საქართველოში.
ბოლშევიკური რეჟიმის დროს არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა არ დაზარალებულა მატერიალურად თუ მორალურად ისე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მიუხედავად ამისა მავანი და მავანი წუხს იმის გამო, რომ ეროვნული ხელისუფლება ცდილობს აღუდგინოს ეს ზარალი ეკლესიას.
ზარალიც რომ არ იყოს... მთელ რიგ ქვეყნებში (გერმანია, ინგლისი და სხვ.) ხელისუფლება იჩენს ზრუნვას თავისი ერის ტრადიციული აღმსარებლობის რელიგიური ორგანიზაციებისთვის და ეს არ ეწინააღმდეგება მათ დემოკრატიულ პრინციპებს. რატომ წუხდებიან დემოკრატიის ზოგიერთი მოსურნენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ხელისუფლების ისტორიული ტრადიციული ურთიერთობის აღდგენის გამო? სამართლიანობის გრძნობა შეელახათ?
ფორმალური, სწორხაზოვანი, ერთ თარგზე მოჭრილი სამართლიანობა, რომელიც არ ითვალისწინებს ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ, ეთნიკურ რეალიებს, _ არის ყალბი, დემაგოგიური, მოჩვენებითი სამართალი, რომელიც სინამდვილეში უსამართლობას ამკვიდრებს. ფესვები მავანთა შფოთიანი წუხილისა, როგორც ჩანს, უნდა ვეძებოთ არა სხვა სარწმუნოების ან ეთნიკური ჯგუფის სიყვარულში და არც სამართლიანობაში, არამედ ამბიციური განკითხვის სულში, რომელიც უხვად არის მოფენილი ამ სოფელში.


13 ნოემბერი , 2012 წ.