logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


საქართველოს გზა

 

ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ყოველთვის დგას იმ დიდი არჩევანის წინაშე, რომელიც მის აწმყოს და მომავალს განსაზღვრავს. ქრისტეს შობამდე საქართველოს გარკვეული კავშირი ჰქონდა სპარსეთთან, იყო რომის გავლენაც; შემდეგ იყო ბიზანტია, არაბები, სელჯუკები, მონღოლები, თურქები. ეხლა კვლავ არჩევანის წინაშე ვდგავართ: აქეთ რუსეთი, იქით _ ევროპა, ამერიკა, რასაც დასავლეთს უწოდებენ დღეს. რა არჩევანს აკეთებს ერი? იცვლებოდა თუ არა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი არჩევანი იმისდა მიხედვით, ვინ ვის ენაცვლებოდა: აღმოსავლეთიდან სპარსეთს _ მონღოლეთი, დასავლეთიდან რომს _ ბიზანტია, სამხრეთიდან არაბებს _ სელჯუკები, ბოლოს _ სპარსეთი და თურქეთი, ჩრდილოეთიდან კი _ რუსეთი. 15 საუკუნის მანძილზე, მეტი თუ არა, ქართველ ერს არ შეუცვლია თავისი ეროვნულ-კულტურულ-სარწმუნოებრივი ორიენტაცია, ის არჩევანი, რომელიც თავისუფლად, ძალდატანების გარეშე გააკეთა. ვგულისხმობ ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებას, სარწმუნოებას. ეს არჩევანი ცხადად გამოვლინდა კულტურის სფეროში, არქიტექურასა და მხატვრობაში, მწერლობაში (აგიორგაფია, ჰიმნოგრაფია) და გალობაში, საკანონმდებლო სამართლებრივ აქტებში. საწინდარი ამ არჩევანისა განცხადებული იყო პირველ საუკუნეში, როცა უფლის კვართი მობრძანდა საქართველოში და როდესაც მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, ბართლომე, თადეოზი და მატათა შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში და იქადაგეს სახარება. საუკუნეების მანძილზე გვაიძულებდნენ არჩევანის შეცვლას. მოწამეობის და სისხლის ფასად ვუერთგულეთ ჩვენს თავისუფალ არჩევანს _ უფალს, შემოქმედს ცისა და ქვეყნისა, და მის სიტყვას.

დღეს თავაზიანად თავს გვახვევენ ახალ არჩევანს _ ორიენტაცია ავიღოთ ევროპულ ღირებულებებზე. ზნეობრივი კატეგორიები, სულიერი ღირებულებები არ ექვემდებარება გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას. ქრისტიანობა საქართველოში დასავლეთიდან შემოვიდა. მაშინ ჩვენ ავირჩიეთ არა ევროპა და ევროპული ღირებულებები, არამედ უფალი და მისი სიტყვა, სჯული, რომელიც იმ დროს ვრცელდებოდა ევროპაში. I საუკუნეში ეს პროცესი ნაკლებად ჩანდა, ძლიერი იყო წარმართობა, მაგრამ IV-Vსაუკუნეებში უკვე განცხადდა. ევროპის გაქრისტიანებამ, რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ მიიზიდა საქართველო ამ არჩევანისკენ. რომი ახალ რომად იქცა, საქარ- თველოში მოციქულების მიერ დათესილი ჭეშმარიტი სარწმუნოების მარცვლები უხვად აღმოცენდა წმიდა ნინოს ქადაგებით და ასურელი მამების მოღვაწეობით.

დღევანდელი "ევროპული" ღირებულებები, რომლებსაც გვთავაზობენ, განსხვავდება ქრისტიანული ღირებულებებისგან. გვხიბლავენ იმით, რომ ეს თანამედროვეა, პროგრესულია. რა არის საზომი თანამედროვეობის ან პროგრესულობის?

15 საუკუნე მტკიცედ ვიდექით ერთ სარწმუნოებაზე, ერთგული ვიყავით იმ არჩევანის, რომელიც იძულების გარეშე გავაკეთეთ, და ვერავითარი ზეწოლა, კულტურული თუ სამხედრო ძალისმიერი, ამ არჩევანს ვერ ცვლიდა ვერც ბიზანტიის იმპერიის არსებობის დროს და ვერც მისი დაცემის შემდეგ. არაბთა, თურქთა თუ სპარსთა ბატონობის დროს იძულებით თუ ზეწოლით ხდებოდა ქართველთა გარკვეული ნაწილის გამაჰმადიანება, მაგრამ ის, რასაც ეწოდა საქართველო, დარჩა ქრისტიანული. საქართველოს დეფინიცია ჩამოყალიბებულია საუკუნეების წინ: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების". ეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი დეფინიცია ძალაშია დღემდე. რა არჩევანი გავაკეთოთ დღეს? მივიღოთ ახალი შემოთავაზება? ევროპულ ღირებულებებზე გადასვლით ქართველი ერის მენტალობა თუ შეიცვლება, საქართველო აღარ იწოდება ქვეყანად, "რომელსა შინა ჟამი ქართულითა ენითა შეიწირვის". პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონიუნქტურას თუ ავყვებით, შეიძლება ვცვალოთ ღირებულებები: ევროპული, აზიური, აფრიკული, ამერიკული, ავსტრალიური და ნებისმიერი სხვა.

რა სხვაობაა ე.წ. ევროპულ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის, რომელზეც დგას ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე და რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ჩვენი კულტურა, ჩვენი მენტალობა? რატომ არის მიუღებელი არჩევანი, რომელსაც დღეს პოლიტიკური მოღვაწეები გვთავაზობენ? "ევროპული" ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. უპირველეს ყოვლისა, ანტიქრისტიანული არის ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა. პათოლოგიურ გადახრას ადამიანში გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, ამას არავინ უარყოფს. ეს მოვლენა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებში, ერთად აღებული, 1%-ს არ შეადგენს. ეს არის მუტაცია, მუტანტები არ მრავლდებიან. მათ გამო ერი ორიენ- ტაციას არ შეიცვლის. ე.წ. ევროპული ღირებულებები პათოლოგიური გადახრის დაკანონებას მოითხოვენ, პარადების მოწყობით ზეწოლას ახდენენ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და ცდილობენ გაუკუღმართებული ურთიერთობების დანერგვას სწავლების სახით სკოლებში. ფიზიოპათოლოგიური გადახრის სოციალურ მოვლენად აღიარება დაგმობილია ღვთის მიერ როგორც ძველი აღთქმის, ისე ახალი აღთქმის წიგნებში; ასევე სხვა რელიგიები, იუდაიზმი იქნება თუ მაჰმადიანობა, ამ მოვლენას ერთხმად უარყოფითად აფასებენ.

რა არის ჩვენთვის დღეს საქართველოს გზა, რომლითაც უკვე 15 საუკუნეზე მეტია მოვდივართ, რის გამოც ბევრი სისხლი დაგვიღვრია, ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია?! თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები გვთავაზობენ, ძველი გზა წარსულში დავტოვოთ და ავირჩიოთ ის, რომელიც დრომ მოიტანა. რაც დრომ მოიტანა, ის შეიძლება დრომ განაქარვოს. გზა, რომელიც ღვთისგან დაშორებას და ღვთისადმი დაპირისპირებას ქადაგებს, სიკეთეს არავის მოუტანს. რუის-ურბნისის ძეგლის წერაში, მეფე დავით აღმაშენებლის დროს, ითქვა: იქ, სადაც ადამიანთა შორის გაუკუღმართებული ურთიერთობები გამრავლდა, ის ერი და სახელმწიფო დაიშალა და დაინგრა. წარღვნის წინაპერიოდს გავიხსენებთ, თუ წარღვნის შემდგომ, ბაბილონის გოდლის შენების დროს, სოდომსა და გომორს, თუ სხვა ქვეყნების ისტორიას, შედეგი ერთია: ყველა ქვეყანა, რომელიც ამ გაუკუღმართებული ურთიერთობების პოეტიზაციას და პროპაგანდას ეწეოდა, დაიშალა. იგივე ელის დღეს სამყაროს, რომელიც ამ გზას დაადგა. საქართველოს ეს გზა არ გამოადგება.

ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოეთით _ "რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ"... "რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვის"... რუსეთთან საქართველოს აქვს სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია. მანამდე ეს კავშირი ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. რუსეთთან მიმართებაში გადამწყვეტი იყო ის, რომ საქართველო ამ ურთიერთობებში არ იცვლიდა 15 საუკუნის წინ არჩეულ გზას. ასე ფიქრობდა ერეკლე II. ობიექტურად, ფართო მასშტაბით თუ განვიხილავთ, ისტორიულმა პროცესმა დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ეს პერიოდი დადებითი იყო. ბევრი აკრიტიკებს და განიკითხავს ამ პერიოდს. ჩვენ გთავაზობთ შედარებითი ანალიზის საფუძველზე მსჯელობას. უფალი გვეუბნება: "ხე ნაყოფით იცნობა". ქართველ პოლიტიკოსებს რატომღაც არ უნდათ ნაყოფის მიხედვით განსჯა. ქართველი ერი, რომელიც იცავდა არჩეულ გზას, XVIII საუკუნის ბოლოს თურქების, სპარსელების, ლეკების შემოსევევბის შედეგად ფიზიკური განადგურების პირამდე იყო მისული. საქართველოში დარჩენილი იყო მილიონზე ნაკლები მოსახლეობა. ერთი საუკუნის მანძილზე, XIX საუკუნეში, მოსახლეობა სამჯერ გაიზარდა, ქართველობა 3 მილიონზე მეტი გახდა და სარწმუნოება არ შეუცვლია. ღვთის განგებამ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევით ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, ერმა არ დაკარგა არც ენა და არც სარწმუნოება, შექმნა თანამედროვე ქრისტიანული კულტურა. ამის საპირისპიროდ ქართველი ერის ნაწილი, რომელიც თურქების მიერ იყო დაპყრობილი, გამრავლდა გათურქების გზით, დაივიწყა მშობლიური ენა, დამწერლობა, შეიცვალა სარწმუნოება, კულტურულ სფეროშიც ვერაფერი შექმნა. უცხო ტომელთა შემოსევების შედეგად საქართველოში დანგრეული იყო ტაძრები, ქართველი მეფეები ხშირად სრულიად დამოკიდებულნი იყვნენ შაჰის თუ სულთნის ნებაზე _ ცოცხლებს დატოვებდნენ მათ თუ სიკვდილით დასჯიდნენ, გადაასახლებდნენ თუ აწამებდნენ. ამის მაგალითები მრავლად გვაქვს.

რუსეთს ბრალად ედება საქართველოს სამეფოს გაუქმება _ დიდი დანაშაულია, მაგრამ ვინც იცის ისტორიული მასალები, იცის, რომ ამ დანაშაულში გარკვეული წვლილი ჩვენს იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტასაც მიუძღვის. რუსეთმა გააუქმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია _ დიდი დანაშაულია, დიდი შეცდომაა რუსეთის იმპერიისა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ტაძრების ნგრევა, მონასტრების აოხრება და ზოგადად, ქრისტიანობის დევნა საქართველოში, პირიქით, ქართველი თავადების მიერ მიტაცებული საეკლესიო მიწები ეკლესიას დაუბრუნდა, გაიხსნა სამრევლო სკოლები, აღდგა მონასტრები, ტაძრები: ბეთანია, ზარზმა, ჭულევი და სხვა მრავალი, და შესაბამისად, აღდგა სასულიერო განათლების კერები, სემინარიები. XIX საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი სასულიერო პირები, როგორებიც იყვნენ გაბრიელ ეპისკოპოსი, ალექსანდრე ოქროპირიძე, ჩვენი ეკლესიის პირველი პატრიარქები იყვნენ ისინი, ვინც მღვდელმთავრის ხარისხი და სასულიერო განათლება სწორედ ეგზარხოსობის ხანაში მიიღეს.

სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე. ზოგადად ტაძრები კი არ იყო გადათეთრებელი, არამედ როდესაც რუსეთის მეფე ეწვია საქართველოს, გზაზე, სადაც უნდა გაევლო და დაზიანებული იყო ფრესკები _ ფრესკების ფრაგმენტები იყო დარჩენილი _ აი, ის ტაძრები გადაათეთრეს, რომ მეფის თვალში ეს ტაძრები უყურადღებოდ არ წარმოჩენილიყო, და დაკიდეს ხატები, რადგან ფრესკების აღდგენის, რესტავრაციის და ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, თუმცა სიონის, სამების, მამადავითის ტაძრები მოხატეს. ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის აკრძალვის შესახებ ვიტყვით: სწორედ XIX საუკუნეში დაიბეჭდა ის საღვთისმსახურო წიგნები, რომლითაც დღესაც სარგებლობს საქართველოს ეკლესია. რისთვის იბეჭდებოდა, თუ ქართულად მსახურება აკრძალული იყო? რუსეთის იმპერიამ ვერ აკრძალა ბეჭდვა ქართულ ენაზე? ვის უნდა წაეკითხა, თუკი დაუშვებელი იყო ტაძრებში ქართულად მსახურება? სლავურად მსახურება სრულდებოდა საკათედრო ტაძრებში და იქ, სადაც რუსულენოვანი მრევლი იყო, სამხედრო გარნიზონის სობოროში, რუსების მიერ აშენებულ ტაძრებში: მიხეილ ტვერელის, ალექსანდრე ნეველის, იოანე ღვთისმეტყველის და სხვ. თუ გავეცნობით გაბრიელ ეპისკოპოსის ან ალექსანდრე ორქოპირიძის ქადაგებებს, უმრავლეს შემთხვევაში, ქართულად არის წარმოთქმული. ქართველ მრევლს მიმართავდნენ და ქართველ ერს მოძღვრავდნენ ქართულად. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ენა ზოგადად არ იყო აკრძალული. ასევე ქართული საეკლესიო გალობა _ მისი კანონიკურობა რუსეთის სინოდმა აღიარა და ეგზარხოსმა მისცა საგანგებო კურთხევა, რომ სწორედ ეს კანონიკური ქართული გალობა არა მარტო ოჯახებში ეგალობათ, არამედ სკოლაშიც ესწავლათ. ამას ვერ ვიტყვით თურქეთის იმპერიის ფარგლებში მოქცეული საქართველოს ნაწილის შესახებ.

რუსოფობიის გარკვეული ტალღა ცდილობს შავ ფერებში წარმოაჩინოს რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდი საქართველოში და რატომღაც სრულიად მივიწყებას ეძლევა სხვა იმპერიების ბატონობა საქართველოში, მონღოლი იქნება, სპარსი, არაბი თუ თურქი. მაშინ რა მდგომარეობაში იყო ეკლესია და მთლიანად ქართველი ერი? ყველა იმპერიას აქვს თავისი მიზნები, თავისი ინტერესები, მას სულაც არ ედარდება შენი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული წარსული და ა.შ. მაგრამ როცა ჩვენ ვადარებთ ამ იმპერიების ბატონობის ნაყოფს, შედეგს და კვალს ჩვენი ერის ისტორიაში, თუ ვიქნებით ობიექტურები, დავინახავთ, რომ ქართველი ერისთვის ღვთის განგება, რომლის გამოც ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა, დადებითია, არა მარტო იმიტომ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, არამედ ერის კულტურა განვითარდა; შეიქმნა ქართული კლასიკური ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია, მხატვრობა... აღარაფერს ვამბობ შემდგომში მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის დაარსებაზე _ ეს ყველაფერი გაიხსნა და დაარსდა და მოქმედებდა სწორედ რუსეთის იმპერიის წიაღში. იმპერიის მხრიდან იყო წინააღმდეგობა, იყო დამცირება, უსამართლობა _ ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთის იმპერიის წიაღში ყოფნა უფრო სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის, ვიდრე თურქეთის იმპერიისა საქართველოს იმ ნაწილისთვის, რომელიც მის მიერ იყო დაპყრობილი. რატომღაც ამ შედარებას ჩვენ ვერიდებით, არ გვინდა დღეს ამის გახსენება. ისტორიული ფაქტები გემოვნების საკითხი არ არის, თავს ნუ ვიტყუებთ! რა მოგვიტანა რუსეთთან დაპირისპირებამ და რა შედეგი მივიღეთ თურქეთთან დამეგობრებით დღეს? ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და ერთ-ერთი პრიორიტეტი _ სოფლის მეურნეობა _ დაქცეულია. თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერებისათვის ჩვენს ქვეყანას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვაყენებთ, პანთურქისტული იდეის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით სატრანზიტო კუნძული თურქეთსა და თურქმენეთს შორის. ჩვენი ქვეყნის თურქიზაცია დაწყებულია. ევროპა ამისგან არ დაგვიცავს.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ თურქეთში მყოფი ქართველები, ვისაც ჯერ კიდევ გააჩნია ეროვნული მენტალობა, ოდესმე, თურქეთის იმპერიის დაშლის შემთხვევაში, შეიძლება დაუბრუნდნენ ისტორიულ გზას, რომელიც ქართ- ველმა ერმა აირჩია. ეს გზა ჩვენთვის არ უკარნახია არც მონღოლს, არც არაბს, არც სპარსელს, არც თურქს, არც რუსს, არც ევროპელს. ეს იყო ჩვენი არჩევანი. საუკუნეების მანძილზე ამ არჩევანის ერთგულები ვიყავით, მიუხედავად მრავალი მსხვერპლისა. ალბათ სწორედ ამიტომ უფალმა განაგო ჩვენი ერის გადარჩენა ფიზიკურად, სულიერად, ზნეობრივად, ეკონომიკურად რუსეთის იმპერიის წიაღში. ეს ღვთის განგების საკითხია და წინ ნუ აღვუდგებით მას. ევროპა გვთავაზობს შესვლას მის ერთობაში _ ევროპის გაერთიანებულ ქვეყნებში. რა საშიშროებას წარმოადგენს ეს? არავითარს! ეკონომიკურად, სამათლებრივად შესაძლოა ეს უკეთესი იყოს ჩვენთვის, თუმცა დასაფიქრებელია, რატომ აღმოჩნდა ევროპის რამდენიმე ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ-ფინანსურ კრიზისში?! ევროპა გვპირ- დება, რომ იქნება გარკვეული გარანტი ჩვენი დაცვისა რუსეთის ექსპანსიისგან. დღემდე ევროპამ საქმით არ დაგვიცვა და ვერც დაგვიცავს. როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, საქართველოში ხან გერმანული კორპუსი შემოვიდა, ხან ინგლისური, მაგრამ ვერცერთმა ვერ დაგვიცვა ჩვენ ბოლშევიკების ექსპანსიისგან. ბოლშევიკების იდეოლოგია ევროპიდან იყო ექსპორ- ტირებული რუსეთში. რუსეთი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი ევროპაში გავრცელებული ათეიზმისა და სოციალურ-კომუნისტური იდეებისა. ევროპამ და ამერიკამ დააფინანსეს რევოლუცია რუსეთში. იმედი, რომ ევროპა გარანტი იქნება ჩვენი დაცულობისა რუსული იმპერიული ზრახვებისაგან, ჯერჯერობით არაფრით არ დასტურდება. სიტყვიერი დაპირების სანაცვლოდ ევროპა ჩვენგან ითხოვს დასავლეთში მიღებულ სამართლებრივ ნორმებთან ერთად ადამიანებს შორის გაუკუღმართებული ურთიერთობების ნორმად აღიარებას და ამა თუ იმ სახით პროპაგანდას, რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ გვაყენებენ არჩევანის წინაშე _ გადავუხვიოთ ისტორიულ გზას, ქრისტიანულ გზას და მოვახდინოთ აღრევა ქრისტიანობისა ანტიქრისტიანობასთან, ზნეობისა _ უზნეობასთან, ღვთის სათნო ცხოვრე- ბისა _ ღვთის საგმობ ცხოვრებასთან. ამგვარი შინაგანი განხეთქილება კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ევროპულ ღირებულებათა შორის უმთავრესად ითვლება ადამიანის უფ- ლებების დაცვა. რატომღაც ადამიანთა უმრავლესობის უფლებების საწინააღმდეგოდ მთავრობები იძულებით ითხოვენ გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებას. თვით ევროპაშიც კი, საფრანგეთში, გერმანიაში ხალხი ერთსქესიანთა ქორწინებებისა და ერთსქესიან დაქორწინებულებისათვის ბავშვის მიშვილების დაკანონების წინააღმდეგ გამოვიდა. დემოკრატიულმა ევროპამ ამ შემთხვევაში ხალხის პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღო ანტი- ქრისტიანული კანონები, ხალხის გამოსვლა კი დაარბია. ამას უწოდებს ევროპა ადამიანის უფლებების დაცვას _ ე.ი. 1%-ის პათოლიგიური გადახრები ვაქციოთ ნორმად და რაც ბუნებითი ნორმაა, იმის უფლებები შევზღუდოთ. ეს არის ევროპული ღირებულება? დასავლეთი სიტყვის თავისუფლების დეკლარირებას ეწევა, მაგრამ რატომღაც სიტყვის თავისუფლებად მიაჩნიათ მარტო თავისი პოზიციის ქადაგება. ხოლო როდესაც ეკლესია აიმაღლებს ხმას და თავის სიტყვას იტყვის, ცდილობენ ყველა ტრიბუნიდან ჩაახშონ იგი. მათი პოზიციის მიხედვით, მარტო ეკლესიას, ქრისტიან ქართველ ადამიანს არა აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უცნაური დაპირისპირება, ცნობიერების დეზორიენტაცია საზიანოა ქართველი ერისთვის, მის მიერ არჩეული მრავალსაუკუნოვანი გზით სვლისთვის.

შევაჯამებთ ჩვენს საუბარს: ქართველი ერის გზა საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, რომელიც მან აირჩია ძალადობრივი ზეწოლის გარეშე და სხვა გზა, მიუხედავად მრავალმხრივი იძულებისა, არ მიიღო. სხვა გზას ძალით და ხიბლით თავს თუ მოგვახვევენ, ქართველი ერი დაკარგავს თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობის საფუძველს. ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ერისთვის. დღეს ჩვენ კვლავ ვდგავართ არჩევანის წინაშე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამიტომ ობიექტური საზომებით უნდა შევაფასოთ, რა ემსახურება ნამდვილად ჩვენს კეთილდღეობას, მომავალს, ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენას, შენარჩუნებას და განვითარებას. შეძლებს თუ არა ქართველი ერი ქვეყნებისა და ერების მსოფლიო მასშტაბის ერთობაში თავისი სიტყვის თქმას, ხალხთა მრავალფეროვნებაში თავის გამოხატვას, თუ გაითქვიფება ამსოფლის გაურკვეველ ღირებულებებში, რომლებსაც "თანამედროვეს" "პროგრესულს" უწოდებენ. არსებობს თანამედროვეობის ერთი ობიექტური საზომი _ ეს არის ღვთის სიტყვა, ღვთის მცნება, სჯული, მარადიული ცხოვრების კანონი, რომელიც უარყოფითად აფასებს ადამიანის დაცემას, გაუკუღმართებულ ცნობიერებას, ხედვას და ქმედებას, ამიტომ ღვთისგან დაშორებას პროგრესს კი არა, არამედ დეგრადაციას უწოდებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ერი ერთგული დარჩება თავისი ისტორიული არჩევანისა და მონახავს თავის თავში ძალას, რათა დაიცვას თავისი ისტორიული, კულტურული და სარწმუნოებრივი თვითმყოფადობა, როგორც იყო აქამდე. ამ შემთხვევაში უფალი განაგებს ჩვენს გადარჩენას. შეკითხვა: ამ პროცესში რა არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ქრისტიანის და მოქალაქის, ვალი?

გვევალება, რომ თითოეული ადამიანი იყოს ქრისტიანი, რადგან ღვთის ხატად არის შექმნილი. ეს რას ნიშნავს? არის კურთხევა ღვთისა: "აღორძინდით, გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას", ე.ი. უნდა გამრავლდე. შემდეგი კურთხევაა: "დაიცავი მცნებები"; ამასთან ერთად არის კურთხევა: "შენს ქვეყანას მოუარე, უპატრონე და დაამუშავე, ააღორძინე". თუ შენ გამრავლდები, მცნებებს დაიცავ და ზნეობრივი იქნები, თუ შენ უფალთან ერთობაში იქნები და ღვთის კურთხევას შეასრულებ, მაშინ ერი გადარჩება. ცხადია, ყველა არ ცხოვრობს კურთხევით, მცნებების დაცვით, მაგრამ ამბავი აბრაამის უფლისადმი ვედრებისა სოდომის გადარჩენის თაობაზე გვახსენებს: "ათი მართალი რომ ყოფილიყო სოდომში, არ დაიღუპებოდა ქალაქი", ანუ მცირედი მართლისა სჯობია ცრუთა სიმრავლეს. ეს მცირედი ღვთის წინაშე უფრო ღირებულია, ვიდრე მრავალი არამართალი. ამიტომ თითოეული ქართველის პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე არის ამ ისტორიულად გაკეთებული არჩევანის და შესაბამის გზაზე სვლის დაცვა. ქართველმა უნდა შეასრულოს ის, რაც ღვთისგან არის კურთხეული. ეს ყველა ერზე ითქმება. ერში ღვთისადმი ერთგული მცირედი ნაწილი თუ იქნება, მაშინ იგი დარჩება თავის ისტორიულ გზაზე და ღვთისგან იქნება დაცული. თითოეული ადამიანის შინაგანი ბრძოლის შედეგად ხდება არჩევანის გაკეთება და დადასტურება ერის არჩევანისა. საღმრთო ისტორიაში ჩვენ ამის მრავალი მაგალითი გვაქვს. პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანისა იმაში მდგომარეობს, რომ იყოს ქრისტიანი, რადგან დაბადებით, როგორც საუკუნეების წინ ითქვა, ყველა ქრისტიანია.

 


რუსთველი მიტროპოლიტი იოანე